2011-08-19

წერილი 7 წლის “მე”-ს


რ ვიცი რატომ ვწერ ამ წერილს. შენ ხომ მას ვერასდროს მიიღებ. არადა, რა კარგი იქნებოდა, რომ მიგეღო. შენ ჯერ არ მიცნობ, ჯერ ისევ პატარა ხარ. არა, არც მე ვარ მაინცდამაინც ჭაღარაშერეული. ყოველ შემთხვევაში, დიდი არ მეთქმის. იცი, შენ ისე ძალიან გინდა ჩემხელა გახდე. ნუ ნერვიულობ, მალე გახდები და მერე მიხვდები, რომ მე არც ისეთი დიდი ვარ როგორც შენ გგონია. გაინტერესებს ვინ ვარ? მალე გაიგებ, მანამდე კი მისმინე.
შენ ახლა 10 წლის ხარ, სოფელში ზაფხულობით ფეხბურთს თამაშობ, სკოლაში ისევ დედას დაყავხარ, ბერს იცინი, ტირი კიდეც, ისევ გეშინია ობობების და ისევ გგონია რომ შენს მეზობელად , ძველ სახლში კეთილი მოჩვენება ცხოვრობს, მოხუცი ლუი. ჯერ არ გბეზრდება ერთფეროვანი დღეები, არ ფიქრობ მომავალზე. გინდა გახდე მსახიობი… ან დიზაინერი : ))) ჯერ კიდევ რა პატარა ხარ… არადა, იცი, რამდენი რამ გელოდება? გელოდება უამრავი ლამაზი დღე, ბევრი ისეთიც, რომ ინატრებ, ნეტავ საერთოდ არ ყოფილიყოო. გელოდებიან მეგობრები, რომლებსაც ჯერ კარგად არც კი იცნობ. გაგიკვირდება, მაგრამ ისე ცისფერთვალა გოგო, შენს წინ რომ ზის მერხზე და მაინცდამაინც გულზე არ გეხატება შენი საუკეთესო მეგობარი გახდება, კიდევ ის, შენი სეხნია, შენზე 2 წლით პატარა რომაა, სულ ტირის და ნერვებს გიშლის. დადგება დღე როცა მის გარეშე ვერ გაძლებ… და ერთი გოგო… ააა, ის გოგო ჯერ არ გაგიცვნია. კიდევ გელოდებიან ადამიანები, რომლებიც შენთვის უფრო მეტნი იქნებიან ვიდრე უბრალოდ ადამიანები… მერე გაიგებ რამდენს იტევს ეს სიტყვა – “ადამიანი”. გელოდება პირველი Crush-ი (უი, არ იცი ეს სიტყვა რას ნიშნავს). იცი, რა სასიამოვნოდ აგჩქარდება გული “მისი” დანახვისას.
ომიც გელოდება. დიახ, ომი. მოგიწევს საკუთარ თავზე გამოცადო, რას ნიშნავს
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნა. ნუ შეგეშინდება, ასე უფრო დააფასებ სიცოცხლეს. იმ დღეების შემდეგ იქნება საშინელი ღამეები, ღამეები, როცა შეშინებულს არ დაგეძინება, მაგრამ ესეც გაივლის. ამ ღამეების შემდეგ უფრო დიდი სიხარულით შეხვდები მზის ამოსვლას. კიედვ რა გელოდება? რა და მეგობრებთან ერთად გატარებული უამრავი მშვენიერი წუთი და წამი, დრო, რომელზეც იტყვი: “შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!”
იმედგაცრუებაც გელოდება. შეიძლება ზოგჯერ იფიქრო, რომ გული გატკინეს, რომ უბედური ხარ, მაგრამ იცოდე ეს არაა სიმართლე! შენი ცხოვრება იმაზე ყფრო ლამაზი იქნება, ვიდრე წარმოგიდგენია, უბრალოდ, ყოველდღიურობაში ვერ ხვდები ამას, მაგრამ დადგება დრო და დააფასებ. არასოდეს დაყარო ფარხმალი! ბევრი სირთულე შეგხვდება. რა გასაკვირია?! ყველა აქვს სირთულეები, მაგრამ გადალახავ. მე შენი იმედი მაქვს.
ზოგჯერ იფიქრებ, რომ ყველაფერი მორჩა, მაგრამ დამშვიდდი, არაფერიც არ დამთავრებულა. ეს იმის ბრალია, რომ იმაზე უფრო მშიშარა ხარ, ვიდრე უნდა იყო და ამ წერილსაც იმიტომ ვწერ, რომ უკეთესი გახდე. მერე რა, რომ ვერ წაიკითხავ. მე დავიჯერებ, რომ შენ ეს წერილი ახლა ხელში გიჭირავს და გაოცებული კითხულობ, ნახევარს ვერ ხვდები, გიკვირს. ვცდილობ წარმოვიდგინო შენი სახე ამ დროს, რა სასაცილო ხარ ახლა…
და თუ ოდესმე მართლა წაიკითხავ ამ წერილს, დაპირდი საკუთარ თავს, რომ სამუდამოდ შეინახავ და ერთ დღესაც მიხვდები, რომ ყველაფერი ახდა რაც აქ წერია, მაგრამ ვერასდროს გაიგებ, რომე ს წერილი შენ თვითონ დაწერე ზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა იჯექი ფანჯარასთან და თავში ათასი ფიქრი გიტრიალებდა. ჰმ… ვთქვი ვერასოდეს გაიგებ-მეთქი, არადა  მე თვითონ გითხარი. ჰო, ეს წერილი შენ დაწერე. მე დავწერე, რომელიც “შენ” ვარ. ახლა 12 წლის ვარ და, შენი არ იყოს, კიდევ ბევრი რამ მელოდება წინ. ბევრი ისეთი რამ, რაც ჯერ არ ვიცი. რა იღბლიანი ხარ! ნეტავ მეც მყავდეს ვინმე, ვინც მომავლიდან წერილს გამომგზავნიდა. ბედნიერი ხარ, ბედნიერი და არაერთხელ გააცნობიერებ ამას. მანამდე კი მე წარმოვიდგენ, რომ შენ წაიკითხე ეს წერილი და გახდი იმაზე კარგი, ვიდრე მე ვარ. ვინ იცის, იქნებ სადმე, სხვა სამყაროში, მართლაც არსებობ შენ, უკვე 12 წლის. შენ, ვინც ამ წერილმა უკეთესი გაგხადა…
მომავალ შეხვედრამდე
(თუმცა ჩვენ ალბათ ვერასდროს შევხვდებით)
სიყვარულით ვიქტორია

1 comment: